„It: Chapter Two“: ფრანჩიზის ღირსეული გამგრძელებელი თუ პირველი ნაწილის „Copy-Past“
- Konstantine Japaridze
- Sep 6, 2019
- 3 min read

სტივენ კინგის ნაწარმოები „IT“ ჯამში 1 138 გვერდისაგან შედგება, შესაბამისად ცნობილი მწერლის წიგნის ეკრანიზაციისას კინორეჟისორმა, ენდრი მუსკეტიმ და მისმა კოლეგებმა, უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ნაწარმოების კინოადაპტაცია ორ ნაწილად გაყვეს. შეგახსენებთ, რომ რომანში მოვლენები ორ განსხვავებულ პერიოდში ვითარდება და სხვაობა მათ შორის 27 წელიწადია. ავტორის ამდაგვარმა თხრობის სტილმა კინორეჟისორს უბიძგა ფილმი ორ თავად, „ბავშვობისა“ და „ზრდასრულობის“ პერიოდებად მარტივად გაეყო, რაც პირველ რიგში ფრანჩიზის, კერძოდ კი 2017 წლის პირველი ნაწილის, „IT“-ის წარმატების საფუძველი გახდა.
ახალი სურათი მომენტალურად მოვლენათა ეპიცენტრში გვაგდებს, გვაბრუნებს რა ქალაქში, სადაც ყველაფერი დაიწყო. 2016 წელი, ქალაქი „დერი“, „მოცექვავე ჯამბაზი“ (Bill Skarsgard), პირველი საშინელი დანაშაული, სასტიკი მკვლელობა და მსხვერლით ტრაპეზი. ამ ყველაფრის შემსწრე „დერის ძირძველი“ მაცხოვრებელი, უკვე ზრდასრული „მაიკ ჰანლონია“ (Isaiah Mustafa), რომელიც მომენტალურად უკავშირება თავის ბავშვობის მეგობრებს (ასევე ცნობილი როგორც „Losers Club“ ) და ქალაქში დაბრუნებას სთხოვს.
მათი ბავშვობის ტრაგედიის მოგონებები მისტიკურად გაქრა, მაგრამ ბილი (James McAvoy), ბევერლი (Jessica Chastain), ბენი (Jay Ryan), ედი (James Ransone), და რიჩი (Bill Hader) მაიკლის მოთხოვნის შესაბამისად დაბრუნდენ „ფიჭვის ხის შტატში“ (Maine). ჩინურ რესტორანში ყოფნისას, ძველი მეგობრები განსაკუთრებულად აღფრთოვანდნენ ერთმანეთის ნახვით, იხსენებენ ბავშვობას, პატარაობის მოგონებებთან ერთად მათი დამოკიდებულებები შეიცვალა, რადგან ისინი იძულებულნი არიან გაიხსენონ 1989 წლის ზაფხულში გამოცდილი მოვლენები და ერთმანეთის მიმართ დადებული პირობა.
იმის მიუხედავად, რომ მეგობრების გუნდი გაქვავებულია „პენიუაიზთან“ მორიგი დაპირისპირების შესაძლებლობით, მაიკი ბოროტების დამარცხების ერთადერთ სავარაუდო ინსტუმენტს ქალაქ „დერის“ შესახებ საკუთარ მოგონებებში ეძებს. ყოველი მათგანი ბრძოლაში გამარჯვებისთვის საჭირო ტოტემის ძიებაში განსხვავებულ გზას გაჰყვებიან. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ „მოგზაურობაში“ მიდის და ნაცვლად იმისა, რომ გაიხსენონ 1989 წლის ერთად ყოფნის მოვლენები, ფიქრობენ იმ პერიოდზე, როდესაც ისინი განმარტოვებულნი იყვნენ.
მათ, ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ „ჯამბაზთან“ გადამწყვეტი დაპირისპირების შემდგომ, „წარუმატებლების კლუბი“ იშლება. სწორედაც რომ ახალი ფილმი, „It: Chapter Two“ ძირითადად ამ კონკრეტულ დროზე, განცალკევების პერიოდზე მოგვითხრობს, სადაც ფლეშბექების მეშვეობით Jaeden Martell, Sophia Lillis, Jack Dylan Grazer, Jeremy Ray Taylor, Chosen Jacobs, Wyatt Oleff, და Finn Wolfhard უბრუნდებიან ფანების საყვარელი კინოგმირების როლებს. არ არის გასაკვირი, თუ რატომ მოისურვა სცენარისტმა და რეჟისორმა ახალგაზრდა მსახობების დაბრუნება, რადგან მცირეწლოვანთა ანსამბლი ფანტასტიკურად ერგებოდა ფილმის პირველ ნაწილს და შესანიშნავად ავსებდა მას. თუმცა, თუ მათ სიკველში სხვა კუთხით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ფლეშბეკებში მათი ხშირი გამოჩენა უკვე ზრდასრული პერსონაჟების ახლოდან გაცნობასა და მათი შინაგანი განცდების გახსნას ხელს უშლის, რაც წესით ფილმის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ახალ საშინელებათა სურათში კვლავ შესანიშნავმა სამსახიობო ანსამბლმა მოიყარა თავი, რომელთა განუმეორებელმა ოსტატობამ განსხვავებული და ნათელი პერსონაჟები შექმნა. ჯეიმს მაკავოი და ჯესიკა ჩასტინი შესანიშნავად განასახიერებენ თავიანთ როლებს, რომლებაც გამორჩეულად შეძლეს თავიანთი მცირეწლოვანი პარტიორების მიერ შესრულებული პროტოგონისტების ანარეკლის განსახიერება. მათ შეძლეს მაყურებლამდე სრულყოფილად მიეტანათ პატარაობისას მიღებული ტრავმები, ბავშვობის ჩაგვრები და გადმოეცათ მათ პერსონაჟებში არსებული განცდები თუ დანაკარგები.
აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე თავი, პირველის მსგავსად სავსეა საშიში მომენტებით, სადაც მაყურებელი ადრენალინის საკმარის დოზას მიიღებს, თუმცა როგორც ყველგან უარყოფითი მხარე აქაც არის. სურათში არაჩვეულებრივი საშინელი მომენტებია აღბეჭდილი, სადაც მაყურებელს ჭრუანტელიც კი გაუვლის, ხანდახან გულიც აუჩქარდება, წყნარი მუსიკის დამთავრების წამს უხეში და ბრუტალური ხმის გაგონებისას, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მიღებული გამოცდილება მაყურებლისათვის ყველაზე საშიში და შემზარავი არ იქნება. ბილ სკარსგარდი შეუდარებელია (Pennywise), როგორც ყოველთვის, თუმცა ყურებისას გიჩნდება განცდა, რომ მისი გამოჩენა არასაკმარისია და გინდა რომ მას ფილმში როგორც ანტაგონისტს, მეტი დრო დაეთმოს, რადგან „მკვლელი ჯამბაზი“ ძირითადად სხვადასხვა უცხო ფორმების მიღებით არის დაკავებული და ამით ავსებს სურათის ქრონომეტრაჟს.
„It: Chapter Two“-ს ძირითადი გამოწვევა სულ ცოტა ფრანჩიზის პირველი ნაწილის ტოლფასი დინამიკის შენარჩუნება იყო, თუმცა ყურებისას გულდაწყვეტილი ფიქრობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ფილმი ყოფილყო ფრანჩიზის ღირსეული გამგრძელებელი, სურათი უბრალო და სტანდარტული სიკველი გამოდგა, რომლისგანაც მაყურებელს იმაზე მეტი მოლოდინი ჰქონდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა.
შეგასენებთ, რომ „Warner Bros. Pictures“-ის, „It: Chapter Two“-ს პრემიერა ლოს ანჯელესში, კერძოდ კი „Regency Village Theater“-ში შედგა, ხოლო მისი კინოთეატრებში გაშუქება მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან დაიწყო.
სიკველი, როგორც მისი წინამორბედი ამერიკის კინოასოციაციამ „R“ რეიტინგით შეაფასა, რამაც მაყურებელთა სეგმენტი შეამცირა. ხსენებული რეიტინგი არასრულწლოვნების კინოთეატრებში დასწრებასა და სურათის DVD-ზე ყურებას კრძალავს, თუმცა ფილმმა მაინც კარგი შემოსავალი მიიღო და კინოთეატრებში გაშუქების პირველ დღეს 11 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა.
სიკველი მსოფლოს მასშტაბით 4 750-ზე მეტ კინოთეატრში გადის და კრიტიკოსების მოლოდინით, ფილმი პირველ კვირას 100 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს.
Comments