top of page
Search

ტერმინატორის შესახებ ახალი ბლოკბასტერი „Terminator : Dark Fate“

  • Writer: Konstantine Japaridze
    Konstantine Japaridze
  • Sep 6, 2019
  • 2 min read


„განკითხვის დღე“ ახლოვდება და აპოკალიფსთან ერთად კინოსამყაროს ერთ-ერთი ცნობილი „ბოროტმოქმედი“ (Villain) ხელოვნური ინტელექტი, „სკაინეტი“, კვლავ ეცდება დედამიწა ადამიანებისაგან გაწმინდოს . დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, შესანიშნავი ბლოკბასტერი, უამრავი „მემესა“ და „ვაინის“ შთამაგონებელი კინოფრანჩიზა „Terminator“ ბრუნდება ახალი ფილმით, „The Terminator: Dark Fate“.


შეგახსენებთ, რომ პირველი ფილმი „Terminator“-ის შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში, კერძოდ კი 1984 წლის 26 ოქტომბერს ვიხილეთ. ჯეიმს კამერონმა იმ პერიოდისათვის შეუძლებელი შეძლო, კინოსამყაროს ისეთი შედევრი აჩუქა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო და დღემდეც აქტუალურია; მეორე ფილმი „The Terminator: Judgment Day“ კიდევ უფრო უკეთესი სურათი გამოდგა და როგორც ხდება ჰოლივუდში, სადაც არის მოთხოვნა იქ არის მიწოდებაც, შესაბამისად პირველი სურათის  შემდეგ ე.წ „კონვეიერი“ ჩაირთო და სამყარომ სხვადასხვა კინორეჟისორისგან უამრავი სიკველი, პრიკველი და კიდე „ღმერთმა იცის რა“ იხილა.


აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჯამში „ტერმინატორის“ შესახებ სხვადასხვა კინორეჟისორის მიერ სხვადასხვა პერიოდებში შექმნილია და გამოსულია ხუთი ფილმი, ასევე 2008-2009 წლებში გადიოდა TV შოუ, სახელად: Terminator: The Sarah Connor Chronicles. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არ იყო ისეთივე წარმატებული, როგორც პირველი ორი სურათი, თუმცა ფანებს აინტერესებდათ რა მოხდა სინამდვილეში, გადაარჩინა თუ არა არნოლდის საკულტო გმირმა „T-800“-მა დედამიწა ადამიანთა რასის გენოციდისაგან.


ზემოაღნიშნულ კითხვაზე იმედი გვაქვს, რომ პასუხს ახალი ფილმი „The Terminator: Dark Fate“ გასცემს. აქვე აღსანიშნავია, რომ „ადამიანების გამწყვეტის“ შესახებ მომდევნო ბლოკბასტერის რეჟისორის სკამს „Deadpool“-ის შემქმნელი ტიმ მილლერი იკავებს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სურათის გადაღებებს ჯეიმს კამერონის გვერდის ავლით არ ჩაუვლია რადგან, ამჯერად „ავატარის“ შემქმნელი „T-800“-ის შესახებ ახალი ისტორიის პროდუსერია.


სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ „წინააღმდეგობის ლიდერის“, ჯონ კონორის დედას, სარა კონორს კვლავ Linda Hamilton განასახიერებს, რომელსაც 30 წელზე ოდნავ ნაკლები დასჭირდა იმისათვის, რომ საკულტო პერსონაჟი კვლავ განესახიერებინა.  „ტერმინატორი“ არ იქნება “ტერმინატორი“, თუ მასში კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, ცნობილი ბოდიბილდერი, ჰოლივუდის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი და საკულტო რეპლიკის,  „I’ll Be Back“-ის ავტორი, არნოლდ შვარცნეგერი  არ მიიღებს მონაწილეობას. „Governator“ (ორი სიტყვის შერწყმა „Terminator“-სა და „Governor“-ის), როგორც მას შტატებში ეძახიან კვლავ განასახიერებს სერიულად დაძველებული და ადამიანების მხარეს გადმობირებული „T-800“-ის, “Model 101”-ის როლს. მეტი სიხარულისათვის გეტყვით, რომ ჯონ კონორის როლს ედვარ ფურლოგი, 28 წლიანი შესვენების შემდგომ დაუბრუნდება.


სამსახიობო ჯგუფს შეუერთდნენ გაბრიელ ლუნა, რომელიც ადამიანებზე მონადირე ახალი  რობოტის როლს, „Terminator“-ს შეასრულებს, ხოლო მაკენზი დევისი, სავარუდოდ მომავლიდან, კიბერნეტიკულად გაუმჯობესებულ, ე.წ კიბორგს განასახიერებს.

იმედი გვაქვს, ახალი ბლოკბასტერი კარგი გამოვა. ტიმ მილერისა და ჯეიმს კამერონის ერთობლივი ნამუშევარი დაგვაბრუნებს 80-იან წლებში და იმავე გრძნობებს გამოიწვევს, რომლებიც გაგვიჩნდა ბოროტი არნის, „Model 101“-ის გამოჩენის პირველ დღეს.

 
 
 

Comentários


Post: Blog2_Post

InterNews,Tbilisi,Georgia

+995 574 114778

©2019 by InterNews

bottom of page