უკან დასახევი გზა არ იყო - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან მაიკო აბესაძესთან
- Konstantine Japaridze
- Dec 30, 2016
- 7 min read

- მოგესალმებით მაიკო,რამდენი ხანია წახვედით საქართველოდან,რამ განაპირობა თქვენი გამგზავრება აქედან და სად ცხოვრობთ ამჟამად?
- მოგესალმები ბატონო კონსტანტინე,ჩემი საქართველოდან წასვლის მიზეზი ჩემი და ჩემი ოჯახის სრული დაცემა და გაკოტრება გახდა. დავკარგეთ აბსოლიტურად ყველაფერი . სახლის ჩათვლით, ნივთებზე აღარ მაქვს საუბარი და დავრჩი ორი ბავშვით ზამთრის სუსხიან ღამეს ქუჩაში. ჩემს მშობლებთან წავედი,რომელნიც ისე ვიწროდ ცხოვრობდნენ და მათაც ეკონომიურად ისე უჭირდათ,რომ ძლივს ვეტეოდით ამდენი სული ერთ ოთახში და ძლივს გაგვქონდა თავი თვიდან თვემდე.7 წელია რაც წამოსული ვარ საქართველოდან,ასე ძაან რომ არ გამჭირვებოდა , იმდენად პატრიოტი ვარ რომ ძალითაც რომ გამოვეგდე ვინმეს საქართველოდან,მაინც არ წამოვიდოდი უცხო ქვეყანაში. მაგრამ იმ იმედს ვიტოვებ რომ როდესმე დავბრუნდები ჩემს მიწაზე და ეს მაძლებინებს.
- სად იმყოფებით ამჟამად და როგორ მოხდა თქვენი უცხოეთში გადახვეწა?
- ამჟამად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ვიმყოფები,ახლა კურიოზულად ვიხსენებ იმ მომენტებს რაც გზაში გადავიტანე აქ ჩამოსვლამდე, მაგრამ იმ მომენტში ეს იყო საშინელი შოკი.
- თუ არის შესაძლებელი რომ გაიხსენოთ ის წუთები?
- ფაქტიურად როგორც მოგახსენე ბატონო კოსტანტინე,ჩემს შვილებს ვეღარ ვკვებავდი, ვეღარც სწავლაში ვუწყობდი ხელს, და წიგნებსაც ვეღარ ვყიდულობდი. სრულ პანიკაში ვიყავი. ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება რომ , საკუთარი შვილების ასე ნელ ნელა გამოფიტვისთვის და ნელი სიკვდილისთვის არ მეყურებინა და მივიღე გადაწყვეტილება რომ სადმე წავსულიყავი სხვა ქვეყანაში და იქიდან დავხმარებოდი ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს, მაგრამ ერთი გროშიც არ მქონდა ჯიბეში . მქონდა მხოლოდ არანორმალური რწმენა და განზრახვა. რომელიც ცხოვრებასთან ასე დანებების საშუალებას არ მაძლევდა. მივიღე თუ არა გადაწყვეტილება , ცოტა დანაზოგი მქონდა ასე 100 ლარამდე, და იმავე დღეს ქალაქში წავედი და ვიყიდე ჩემთვის მოზრდილი ზურგჩანთა და მეორედაბში რამდენიმე ხელი თბილი ტანსაცმელი. და სახლში მოვიტანე . მშობლებმა მკითხეს ეს რა მოიტანეო? ვუთხარი რომ 3 დღეში საზღვარგარეთ მივდივარ და ეს ჩემი ნივთებიათქო, თან რომ წავიღოთქო. ერთმანეთს გადახედეს, ეგონათ რომ ჭკუიდან შევიშალე , ძლიერი სტრესებისგან. დედამ მამაჩემს თვალებით ანიშნა რომ არაფერი უთხრაო. მამაჩემს ცრემლი გადმოუგორდა თვალზე და სახე მომარიდა. ცოტა ხნის შემდეგ დედამ მკითხა , ვის მიჰყავხარ საზღვარგარეთო? ან საით , რომელ ქვეყანაში მიდიხარო? მე ვუპასუხე რომ , ღმერთსთქო. ჯერ არ ვიცი რომელ ქვეყანაში წავალ, მაგრამ ის ვიცი რომ აუცილებლად წავალთქო
და ჩემს შვილებს ასე გაჭირვებაში არ დავტოვებთქო,მამაჩემმა ამოიოხრა და გარეთ გავიდა სწრაფი ნაბიჯით, რომ ცრემლიანი თვალები მოერიდებინა ჩემთვის.მე ჩემს სანაცნობოში თუ სანათესაოში ყველაგან ვრეკავდი და ვკითხულობდი ახლობლებიდან ვინ იყო საზღვარგარეთ წასული რომ დამხმარებოდა და მეც წავეყვანე ვინმეს. თუმცა იმედი არ მქონდა , რადგან კაპიკი არ მქონდა ჯიბეში და არც არავინ მსესხულობდა ფულს რადგან ეშინოდათ რომ ვერ დავუბრუნებდი უკან თავიანთ თანხას.მოკლედ ჩემი შორეული ბიძაშვილი აღმოვაჩინე საბერძნეთში და ვესაუბრე ტელეფონზე. ტელეფონში იმედიც არ მოუცია , მაგრამ მესამე დღეს დამირეკა და მითხრა მზად ხარ რომ , სამ დღეში წამოხვიდეო? გამეხარდა, ვუთხარი რომ ახლავე ვარ მზადთქო.მოკლედ სამი დღის შემდეგ თურქეთში ჩავედი სადაც დამხვდნენ ღვთისნიერი ადამიანები. რომლებიც მთელი არსებით დამეხმარნენ. 2 გზა იყო ერთი თვითმფრინავით უნდა მემგზავრა და მეორე კიდევ ფეხით.არჩევანი ჩემზე იყო. მე უნდა ამერჩია რომელი გზით წავიდოდი.ორივე საშიში გზა იყო,იმ დროისთვის ჩემთვის. თვითმფრინავით მგზავრობა ავირჩიე,თუმცა თვითმფრინავის პანიკური შიში მაქვს. მაგრამ იმდენად სწრაფად მინდოდა ჩასვლა რომ შიში უგულებელვყავი.მოკლედ მეორე დღეს გავფრინდი თვითმფრინავით , უკრაინაში, შემდეგ ბელორუსიაში და შემდეგ პრაღაში და იქ დამადეპორტეს.ფული 60 დოლარი მედო ჯიბეში და მეტი არა. ვცდილობდი არ დამეხრჯა ეს ფული და არც გამომეჩინა რომ მქონდა.პრაღაში მითხრეს რომ უკან დამაბრუნებდნენ სამ დღეში. ის სამი დღე არავინ ფიქრობდა რომ მეჭამა რამე . კიდევ კარგი ხელის პატარა რუგზაკში, ჩურჩხელები წაბლი და კამფეტები მქონდა. ყურადღებას არავინ მაქცევდა. გადავწყვიტე პრაღელების გული მომეგო. დავიწყე ქართული სიმღერა ხმამაღლა აეროპორტში. ჩაკეტილ ოთახში სადაც განმამწესეს. მთელი აეროპორტის თანამშრომლები მოდიოდნენ კარებთან და უსმენდნენ ჩემს სიმღერას და ეღიმებოდათ. მე მათ ჩურჩხელები ვაჩუქე და წაბლი და გაგიჟდნენ სიხარულისგან. მეკითხებოდნენ ეს რა საჭმელიაო , რა გემრიელიაო. მოკლედ პრაღას ჩურჩხელა დავაგემოვნებინე. იმ ვარიანტით რომ კარები გაეღოთ ჩემთვის რომ კალიდორში მაინც მესეირნა . შევპირდი არ გავიქცევითქო. გამიღეს კარები და დავსეირნობდი აეროპორტში. ვათვარიელებდი სუნამოებს და სხვადასხვა გასაყიდ რამეებს. მერე ისევ ვბრუნდებოდი ჩემს ადგილას. თუმცა დაცვა ყველაგან დამყვებოდა.თან გულიანად ვაცინებდი იმ დაცვასაც.მოვიდა ჩემი იქიდან წამოსვლის დრო. ისე შემეჩვივნენ ის აეროპორტის თანამშრომლები თანამშრომლები რომ ცრემლიანი თვალით გამომაცილეს. და ყველა გულში მიხუტებდა გაცილების დროს. მანამდე ჩუმად დამალაპარაკეს ტელეფონზე საბერძნეთში ჩემს ბიძაშვილთან.მოკლედ ეს გზა არ გამოვიდა და ბიძაშვილს ვთხოვე,უკან არ დავიხევ კიდევაც რომ მოვკვდეთქო და რაც შეგიძლია მაქსიმუმი გამიკეთე რომ ჩამოვიდე მანდამდეთქო.კარგიო შემპირდა. მოკლედ პრაღის აეროპორტის თანამშრომლებმა დიდი ოვაციებით რომ გამომაცილეს,გამომიშვეს უკან ბელორუსიაში.ახლა იქ დავყოვნდი 1 დღე ნუ საღამომდე და ბელორუსიამ უკრაინაში გადამიშვა.ჩამოვედი უკრაინაში და კონცლაგერში მეგონა თავი.ისინი გადამყვანს დაეძებდნენ, მაგრამ გადამყვანი ჩემთან არ იყო.მოკლედ წავიდა დაკითხვები და მოითხოვეს ჩემი თვითმფრინავით უკან დაბრუნება საქართველოში.რაზეც გავფშიკე ფეხები და უარი განვაცხადე ვუთხარი რომ დედა უკრაინელი მყავს და ახლავე წავალ და ჩემს ნათესავებთან დავრჩები აქთქო. რა უფლებით მაკავებთ თქვენ მეთქო ან რა უფლებით მიშვებთ საქართველოშითქო? მე 90 დღით დარჩენის უფლება მაქვს თურქეთში და იქ უნდა ჩავიდე ჩემს შვილებს ვუყიდო საჩუქრები და ისე წავიდე საქართველოშითქო. 15 დღე გზაში ვარ და ხელცარიელი ხომ არ ჩავალ ჩემს შვილებთანთქო? ფული თუ გაქვს ახლავე გაგიშვებთ თურქეთშიო,ვუთხარი ცოტა ხანს მაცადეთ , გავალ დავრეკავ და ჩემი ნათესავი მომიტანს ფულსთქო,გამოვედი აეროპორტიდან გარეთ . გადავრეკე ბიძაშვილთან და 500 ევრო ვთხოვე ან რისი საშუალებაც ჰქონდა იმდენი გამოეგზავნა უკრაინის ფოსტაში,კარგიო და მალევე გადმომიგზავნა,2- 3 საათში,საიდანაც ველაპარაკებოდი ჩემს ბიძაშვილს ტელეფონით , იქვე ტაქსის გაჩერება იყო და ერთმა მძღოლმა მოირბინა და მითხრა ქართველი ხარო? გახარებული სახით,კითქო ვუპასუხე.გამიკვირდა და ცოტა შემეშინდა ვინ არისთქო.ვიფიქრე,ციოდა ძალიან,ყინვა იყო საშინელი და თოვდა,გარეთ ბოლთას ვცემდი აქეთ იქით ერთი ნახევარი საათი მაინც.დავდიოდი იმიტომ რომ არ გავყინულიყავი,უცებ ისევ ის მძღოლი მომიახლოვდა და კურუშკით ჩაი მომიტანა,უარი ვერ ვუთხარი და გამოვართვი,უცებ გამომაცოცხლა ჩაიმ,მერე ვისაუბრეთ.მითხრა რომ ქართველებზე ჭკუა ეკეტება.ისინი რომ იყვნენ აქ მაძღრები დავდიოდითო და ახლა შიმშილით გვძვრება სულიო. გემრიელი ხალხი ხართ ქართველებიო და ძალიან გულიანებიო.მესიამოვნა მისი სიტყვები და გავიჭიმე წელში,მადლობა მოვუხადე ჩაისთვის და ყურადღებისთვის,თან ვთხოვე ერთი რამ რომ გთხოვოთ დამეხმარებითთქო? რა არის მითხარი და თუ შემეძლება როგორ არ დაგეხმარებიო.ახლა ფოსტიდან ფულს ავიღებ და მომყევი აეროპორტში და უთხარი რომ ჩემი ნათესავი ხართ და თქვენ მომეცით ეს ფულითქო რომ თურქეთში გადავფრინდეო. კარგი რატომაც არაო? მოკლედ აეროპორტის შიდა განყოფილების ხალხთან მივედით ერთად და ეს ტაქსის მძღოლი როგორც ჩემს ნათესავად ისე წარვადგინე,ბილეთის აღებაშიც დამეხმარა და იმათ დარწმუნებასიც რომ თურქეთში გამოვეშვი და არა საქართველოში.ეს ეტაპიც გადავლახე და დავბრუნდი თურქეთში სადაც უკვე მელოდნენ ჩემი გოგოები,რომლებამაც შემდგომ გამომაცილეს საბერძნეთში,იქაც დავყავი ერთი 15 დღე,და შემდეგ დავადექი ჯგუფთან ერთად საბერძნეთის გზას ფეხით,თან ლოცვების წიგნი დამქონდა და ყოველ საათში ლოცვას აღვავლენდი ხოლმე,რაზეც დამცინოდნენ ჯგუფის წევრები.მუსულმანივით ყოველ საათში ლოცულობო,მოკლედ ნახევარი გზა რომ გავიარეთ ტყეში შევედით საზღვარზე.იქ პატარა თუქრი ბიჭები დაგვხვდნენ და გვითხრეს რომ ერთი კვირის წინ დანაღმეს თურქმა მესაზღვრეებმა გზა და მატ იციან ბილიკები როგორც უნდა გვევლო. და გაგავაფრთხილეს რომ მხოლოდ ჩვენს ნაკვალევვზე იარეთო.უკან დასახევი გზა არ იყო.ჯგუფის რამდენიმე წევრი პანიკაში ჩავარდა,თან პატარა 2 წლის ბავშვიც გვახლდა,ერთი ასაკოვანი ქალი და მისი ძმისშვილი უკან დაბრუნდნენ შეეშინდათ ძალიან,გვეკითხებოდნენ რას იზავთ გამოგვყვებით თუ თქვენც დაბრუნდებით უკანო?,ვუთხარი რომ ჩემს უკან უფსკრულია,რომ დავბრუნდე მაინც მოვკვდები და მირჩევნია ვიბრძოლო და წინ წავიდეთქო.სხვებმა მე შემომხედეს,რადგან ისინიც მერყეობდნენ,მე რომ მივიღე გადაწყვეტილება იმათაც გაბედულება მიეცათ და უკან მომყვნენ ჩვენც წამოვალთო,მოკლედ ერთმანეთის უკან ჯარისკაცებივით დავეწყვეთ,თან მონაცვლეობით ვატარებდით იმ 2 წლის ბავშვს,და გველივით ჩუმად მივიწევდით წინ,ერთმანეთის ნაკვალევში ვაბიჯებდით ფეხებს,შეგვიყვანეს ტყის სიღრმეში.სადაც თავსხმა წვიმა დაიწყო,იქ იმხელა საშიშროება აღარ იყო,მაგრამ არც გზა იყო და თავზე გაუჩერებლივ გვაწვიმდა,ბავშვს ვიფარავდით ყველანი,ზოგი დაცივდა,მოვდუნდით დაღლილობისგან და გვეძინებოდა ყველას,ის ბიჭები გაიქცნენ და საიდანღაც ცელოფნები და თხელი ხალიჩა მოგვიტანეს.თავს ძილის და მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი,არც მიწაზე წამოწოლის უფლებას რომ არ გავციებულიყავი და სხვებიც დამეცვა უფრო უარესი გაციებისგან,შევაგროვე ფიჩხები მაგრამ ცეცხლის ანთების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ,ამიტომ რაიმე სხვა უნდა მომექმედებინა რომ არ დავზარალებულიყავით ძლიერად,მოვაგროვე უამრავი ფიჩხი ერთი დიდი ხის ქვეშ და დავიწყე საწოლისმაგვარი ფორმის მიცემა და ხის თავზე კი თხელი სახურავის გაკეთება რომ წვიმა არ ჩამოგვსვლიყო.
- როგორ გადახვედით საზღვარზე მაიკო?
- გეტყვი ბატონო კოტე.
- მოკლედ სამი დღე-ღამე იქ ვიმყოფებოდით გარეთ,წვიმაში მაგრამ მოვახერხეთ ისე რომ წვიმა აღარ გვაწვიმდა და მორიგეობით შეგვეძლო ძილი რამდენიმეს თუ ეღვიძა რამდენიმეს ეძინა და ასე შემდეგ,3 დღის შემდეგ ერთ დანგრეულ შენობასთან მიგვიყვანეს სადაც ზღვის ღელვის ხმა ისმოდა,ცოტა ხანს უშუქოდ და ყოველგავარი გათბობის გარეშე აქ დავყავით,1 დღე და შემდეგ გვითხრეს რომ ცოტა ქარიც ჩადგა და ზღვა დაწყნარდა ოდნავ და დღეს საღამოს უნდა გავიდეთო,მოვემზადეთ ყველანი გასასვლელეად,ფეხით თითო თითოს უნდა გაგვერბინა ზუსტად მესაზღვრეების წინ ისე რომ არ შევემჩნიეთ იმ შუქს რომელსაც აქეთ იქით ანათებდნენ,დიდი შუქის ფარნები იყო და ტრიალებდა და მაგ მომენტში როცა ბნელოდა ჩვენსკენ , მასინ უნდა მოგვესწრო იმ გზის გადალახვა,თან თავზე შავ მოსასხამს ვიფარებდით და შუქის მოახლოებისთანავე ძირს ვწვებოდით გაუნძრევლად,მერე ისევ ვაგრძელებდით გზას,50 მეტრი გავირბინეთ და ნავი შევნიშნეთ რომ გველოდებოდა,ჩავსხედით ყველა სასწრაფოდ და ნავიც დაიძრა,ჯერ ნიჩბებით ჩუმად მივდიოდით და მერე მოტორი ჩართეს შუამდე რომ გავედით წყალში,ტალღები გვარტყავდა და ნავს აქეთ-იქით აყირავებდა,სამჯერ ლამის ამოგვაბრუნა,რომ ვნახეთ ტალღები საიდანაც მოდიოდა და გვაყირავებდა იმ მხარეს დავჯექით ნავში რომ სიმძიმე ტალღის დარტყმის მომენტში,ტალღების მხარეს ყოფილიყო და არ ამოვბრუნებულიყავით,მოკლედ თავი ქართული ფილმი რომ არის "გასეირნება ყარაბაღში" ისე მეგონა.როგორც იქნა მივედით ალექსანდროპოლის ნაპირებთან,და მენავეებმა ეგრევე წყალში გადმოგვყარეს,და სწრაფად წავიდნენ,200 მეტრი წყალში გავიარეთ ფეხით ჭაობიანი მხრისკენ წავედით,მიუხედავად იმისა რომ,სუსხი იყო და თოვლი, წყალი ძალიან თბილი მომეჩვენა და გვესიამოვნა კიდეც წყალში ყოფნა ცოტა ხანს,რომ ამოვედით ნელ ნელა წყლიდან,მაშინ დაიწყო გაუსაძლისი სიცივე,ტანსაცმელი გაიფშიკა ყინვისაგან და ფეხის გადადგმაში გვიშლიდა ხელს.შევატყვე რომ ზოგი მოიყინა და ძილი მოერიათ,არა და ამოსულები სადმე უნდა დავმალულიყავით . ისეთი ღია და დაჭაობებული ადგილი იყო რომ იოლად შეგვამჩნევდნენ რომ დაგვეწყო მოძრაობა .ხელებით ვათბობდით ერთმანეთს,და ჩაძინების საშუალებას არ ვაძლევდით,გავძვერი სადღაც,ვეძებდი ადგილს რომ ტელეფონს დაეჭირა,და ამ დროს წელამდე დაჭაობებულში ჩავვარდი,კიდევ კარგი ტელეფონი არ დამისველდა ხელით მაღლა დავიკავე ტელეფონი და ცალი ხელით ვცდილობდი ამოსვლასფეხებს ვეღარ ვგრძნობდი,ისე ვიყავი გაყინული,დამეხმარნენ და ამომიყვანეს იქიდან,თურმე ტელეფონიც გაყინულა და იმიტომ არ რეკავდა,სანამ ტელეფონი არ გავლახე ხმა არ ამოიღო,ერთი ზარი გავუშვი ვინც უნდა დაგვხვედროდადა ადგილი მივანიშნე,უცებ მოტოციკლეტების ხმა გავიგე,ბაიკერები შემოვარდნენ იმ ტერიტორიის მახლობლად მოტოციკლეტებით,თავიდან შეგვეშინდა გვეგონა მოგვაგნეს მესაზღვრეებმა და მერე მივხვდი რომ ჩვენს წასაყვანად იყვნენ მოსულები ის ბაიკერები,გამოვედით და გვითხრეს სწრაფად დაჯექით და წავედითო,ზოგმა იუარა,ასაკოვანი ქალები იყვნენ,ჩვენ გვეგონა მანქანით დაგვხვდებოდითო,იმ ბიჭმა დაიძახა თუ მოდიხართ მოდიხართ და თუ არა და წავედი მეო,და ეგრევე გავიქეცი და დავჯექი მატაციკლეტზე.კასკა მომცა და მითხრა რაც არ უნდა მოხდეს,ხელი არ გამიშვა და ღონიერად მომეჭიდეო,დავიხურე კასკა და ხელი მოვჭიდე ღონიერად და გაფრინდა,უცებ უკან სირენებით დაგვედევნენ პოლიციელები,ისევ გამომძახა მაგრად ჩამეჭიდე ძალიან,უნდა გავფრინდე და აბა შენ იციო,სულ ჰაერში ვაკეთებდით სალტოებს,მართლა ისე მიფრინავდა,მოკლედ როგოორც იქნა ავურიეთ გზა პოლიციელებს და ჩამოგვშორდნენ,ბაიკერმა თავის სახლში მიმიყვანა,ვეღარ გადმოვდიოდი მატაციკლეტიდან,ისე მქონდა შარვალი გაყინული სულ მთლად,მოკლედ მისმა მეუღლემ დიდი პატივი მცა,ტანსაცმელები მომცა ახალი და ცხელი აბაზანა მომიმზადა,რომ გამოვედი,არყის ჭიქა მომაწოდა და ბოლომდე დალიეო რომ არ გაცივდეო და გადავკარი მეც უცბად და სულ მთლად გავთბი.
- ახლა გასაგებია მაიკო თუ როგორ ჩახვედით ათენში.
- ათენში შემდეგ ჩავედი,მატარებლით,ბილეთი მიყიდეს და გამომიშვეს მატარებლით და გამაფრთხილეს რომ 3 ჯერ ამოვა კონტროლიორიო და თავი მოიმძინარე და ბილეთი ხელში დაიჭირე რომ ნახოს ბილეთი და გაიაროსო და ასეც მოვიქეცი,მოკლედ ასე ჩამოვედი ათენში.
- საინტერესო ინტერვიუ იყო მაიკო,თავი სათავგადასავლო ფილმში მეგონა,დამდეგს გისურვებთ და საქართველოში მალე ჩამოსვლას.
- მადლობა ბატონო კონსტანტინე,მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ამ ახალი წლის დამდეგს.
Comentarios