კლიფ რიჩარდმა BBC-ს სასამართლოში დავა მოუგო
- კონსტანტინე ჯაფარიძე
- Jul 19, 2018
- 1 min read

ბრიტანელმა მომღერალმა, კლიფ რიჩარდმა სასამართლო დავაში BBC დაამარცხა. ამის შესახებ The National-ი წერს.
მედიასაშუალებას 77 წლის მომღერლისთვის £210 ათასის გადახდა დაეკისრა.
მომღერალი მედიას 2014 წელს მის სახლში პოლიციის შესვლის გადაღებისა და გავრცელების გამო ედავებოდა.
მაშინ ბრიტანეთში 1980-იან წლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეს იძიებდნენ და ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მომღერალიც მიიჩნეოდა. BBC-მ მის სახლში პოლიციის შესვლა გადაიღო და ჟურნალისტური გამოძიებაც დაიწყო.
მომღერალს დანაშაულთან კავშირი არ დაუდგინდა. მისი მტკიცებით, მედიამ მისი რეპუტაცია შელახა და მასაც და მის ოჯახსაც ამის გამო დიდი სტრესის გადატანა მოუხდა.
BBC-მ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ისინი წუხან მომხდარის გამო, თუმცა ამბავი იმის გამო გააშუქეს, რომ მომღერლის მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლებას ლახავს.
კლიფ რიჩარდი ბრიტანელი პოპშემსრულებელია. მას მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 21 მილიონი გაყიდული სინგლით კი, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ Beatles-სა და ელვის პრესლის ჩამორჩება.
Comments